ინსპექციამ ოპერაში შრომითი უფლებების დარღვევა გამოავლინა – პროფკავშირის განცხადება

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომის ინსპექციამ შრომითი უფლებების დარღვევა გამოავლინა.

კერძოდ, პროფკავშირის საჩივრის საფუძველზე, შრომითი უფლებების ზედამხედველობისა და შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტებმა შრომის უსაფრთხოების 12 და შრომითი უფლებების 7 დარღვევა გამოავლინეს.

,,ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, კერძოდ, ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ბადრი მაისურაძეს ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად მიეცა 30-დღიანი ვადა.

თუ არსებული დარღვევები აღმოიფხვრა და ოპერის თანამშრომელთა შრომითი პირობები გაუმჯობესდება, ეს ცალსახად არის იმ ადამიანების დამსახურება, ვინც ოპერაში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა და გაიფიცა, და არა იმათი, ვინც ამ უსამართლობაზე გაფიცვის მიუხედავად დუმილი გააგრძელა.

ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, ჩვენი პროფკავშირის მიერ თბილისის ოპერისა და ბალეტის ხელმძღვანელობისადმი გამოთქმული კრიტიკის მართებულება. დამატებით ძალიან მალე სასამართლოც დაადასტურებს ამას.

შეგახსენებთ 29 დეკემბერს, წინასაახალწლოდ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ადმინისტრაციამ და კერძოდ მისმა ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის 19 წევრი გაფიცვის მიზეზით სამსახურიდან გაათავისუფლა, რაც შრომის კოდექსის უხეში დარღვევაა.

შრომის კოდექსის 68 მუხლის 1 პუნქტი გვეუბნება :

,,გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს შრომის დისციპლინის დარღვევად და გახდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, გარდა უკანონო გაფიცვის შემთხვევისა.”

პროფკავშირმა საჩივრით მიმართა შრომის ინსპექციას და მალე სასამართლოსაც მიმართავს. ეს არის უპრეცედენტო და გაუგონარი კანონდარღვევა, რომელიც ფეხქვეშ თელავს საქართველოს კონსტიტუციას,” – ნათქვამია პროფკავშირის განცხადებაში.

მსგავსი თემები