ჟიული შარტავა აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ჩვენ ისევ და ისევ ვცდილობთ მისი იდეების განხროციელებას – ჯემალ გამახარია

ჯემალ გამახარია – ჟიული შარტავა აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ჩვენ ისევ და ისევ ვცდილობთ მისი იდეების განხროციელებას. მისი სახელი დღესაც სახელმწიფოს ემსახურება და აგრძელებს მის მშენებლობასა და წარმატებაში მონაწილეობას

„როდესაც ჟიული შარტავა დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ, ყველამ აღიქვა, როგორც ძალიან დიდი იმედი, გადარჩენის ერთ-ერთი გზა და საშუალება, რადგან ჟიული შარტავა აფხაზეთში საომრად არ ჩამოსულა, ის ჩამოვიდა იმისთვის, რომ მშვიდობა დაემყარებინა.

ჟიული შარტავა ცხოვრებაშიც გმირი იყო. ყველა სისტემის დროს სახელმწიფოს ღირსეულად ემსახურებოდა. ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რომ სახელწმიფო ინტერესი ყოველთვის იდგეს კერძო, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა. ამის ნათელი მაგალითი იყო ჟიული შარტავა და სწორედ ამიტომ ენდობოდა და პატივს სცემდა ყველა.

ჟიული იყო ადამიანი, რომელსაც უნდოდა მშვიდობა. ქართული სახელმწიფოს პოლიტიკაც აფხაზებთან მიმართებით მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარებაა. ჟიული შარტავა აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ჩვენ ისევ და ისევ ვცდილობთ მისი იდეების განხროციელებას. მისი სახელი დღესაც სახელმწიფოს ემსახურება და აგრძელებს მის მშენებლობასა და წარმატებაში მონაწილეობას”, – ნათქვამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებაში.

ჯემალ გამახარია დაესწრო საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც საქართველოს პარლამენტისა და ეროვნული ერთიანობის ცენტრი – ჟიული შარტავას საზოგადოების ინიციატივით გაიმართა.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის, ეროვნული ერთიანობის ცენტრი – ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ გააჟღერა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის ევროპის პარკში საქართველოს ეროვნული გმირების გენო ადამიასა და მამია ალასანიას ბიუსტების გვერდით დაგეგმილია ჟიული შარტავას ბიუსტის გახსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, აფხაზეთის ომის ვეტერანები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, მისი მეგობრები და კოლეგები.

მსგავსი თემები