სიღნაღში, მამის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის კაცს 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სოფელ ანაგაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის კაცს სასამართლომ 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მსჯავრდებული დანაშაულს აღიარებდა, თუმცა ამტკიცებდა, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ის სასამართლო პროცესებზე აცხადებდა, რომ მამა ემუქრებოდა და თავი დაიცვა.

როგორც ადვოკატი ლალი ჩაველაშვილი განმარტავს, დაცვის მხარე თავიდანვე აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილ მკვლელობაზე საუბრობდა. უფლებადამცველი ახლა განაჩენის გასაჩივრებასა და საქმისათვის კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვს.

სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და პროკურატურის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ახალგაზრდა კაცი მამის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

შეგახსენებთ, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მკვლელობა 2023 წლის 4 ივლისს მოხდა.

წარსულში ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა 21 წლის ახალგაზრდამ 51 წლის მამა დანით მოკლა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობდა.

მსგავსი თემები