სახალხო დამცველს მოქმედი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის და დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს

სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მოქმედი თანამშრომელი უჩივის და “განსხვავებული შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას” ითხოვს. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

ლევან პაპავა ამბობს, რომ სამსახურში უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ადრესატი გახდა, რაც სახალხო დამცველმა არ განიხილა.

პაპავა სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს კოორდინატორია. გამოცემას ის უყვება, რომ 2018 წლიდან, როცა საჯარო მოხელეების პროფესიული საქმიანობის შეფასების სისტემა ამოქმედდა, მისი საქმიანობა ფასდებოდა, როგორც “საუკეთესო” ან “კარგი”, აღნიშნული 2023 წელს შეიცვალა:

“რეგიონული სამმართველოს უფროსის გიორგი ტალახაძის მიერ ჯამურ ქულად განმესაზღვრა – 2. შეფასებამ ასიგნაცია გაიარა ზემდგომი თანამდებობის პირთან, ასიგნატორი იყო სახალხო დამცველის პირველი მოადგილე”, – ყვება პაპაპვა.

ის ამბობს, რომ შეფასება პირდაპირაა ნაკარნახევი რეგიონული სამმართველოს უფროსის დისკრიმინაციული მოტივებით და მტრული დამოკიდებულებით. პაპავა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უთანხმოება გიორგი ტალახაძესთან, 2022 წელს დაიწყო, როცა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იყო და ლევან პაპავას წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო. მაშინ წარმოება შეწყდა, თუმცა კომისიის წევრის, გიორგი ტალახაძის აცილება ლევან პაპავას მოუთხოვია, რაც დაკმაყოფილდა.

პაპავამ უშუალო ხელმძღვანელის, გიორგი ტალახაძის შეფასება ადმინისტრაციული საჩივრით სახალხო დამცველთან გაასაჩივრა, თუმცა ლევან იოსელიანის 2024 წლის 23 იანვრის ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

,,დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, მოტივებზე და ნიშანზე ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო არც სახალხო დამცველის ბრძანებით შექმნილ კომისიას და არც თავად სახალხო დამცველს არ უმსჯელია. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანო სადავო ბრძანების მიღებისას დაეყრდნო ჩემი უშუალო ხელმძღვანელის ზეპირ განმარტებებს, ხოლო ჩემ მიერ წარმოდგენილი რიგი წერილობითი მტკიცებულებები თუ ზეპირი ახსნა-განმარტებები მხედველობაში არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს შეფასება „დამაკმაყოფილებელი“ სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შორის მივიღე მხოლოდ მე”, – ამბობს პაპავა.

ასევე, ლევან პაპავას წინააღმდეგ ერთ-ერთი თანამშრომლის მოთხოვნის საფუძველზე დაწყებულია დისციპლინური წარმოება.

მსგავსი თემები