საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. მას მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 6 წავიდა.

მიღებული კანონის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება – მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმის შემოღება ხდება.

კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში კონკურსში მონაწილე პირთა სია და საკონკურსო დოკუმენტაცია გაეგზავნება. ის უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში სიაში შემავალ პირთაგან 5 წლის ვადით დანიშნოს კანდიდატები.

ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.

ამას გარდა, უქმდება ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

მსგავსი თემები