ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინის წყალობით – სალომე ზურაბიშვილი

წლებია მოსახლეობა დიდი ძალისხმევით ცდილობს, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, ამიტომ ქართველი ხალხი ყოველგვარი გზით გააგრძელებს ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლას, – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, “Bloomerg”-ს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები მოდის, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შედეგი, ვინ არ უნდა გაიმარჯვოს, ევროპული გზისა და ევროპული ორიენტაციის მხარდაჭერა იქნება.

ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინის წყალობით, რადგან მთლიანი პროცესის აჩქარება არ მოხდებოდა, რომ არა უკრაინის ასეთი სიმტკიცე, რომელმაც მთელ ევროპას აჩვენა, რომ მათი უსაფრთხოება უკრაინასთანაა დაკავშირებული და უკრაინა ჩვენი უსაფრთხოებისთვის იბრძვის. ასე რომ, ამან ნამდვილად შეცვალა გაფართოებისადმი მიდგომა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ და საქართველოს მოსახლეობას, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის გზაზე წინ წასაწევად. ჩვენ ჩვენი წილი ბრძოლა გვქონდა. ჩვენ გავუძელით, ქართული სიმტკიცე სხვა ხასიათისაა, ვიდრე უკრაინის, რა თქმა უნდა, თავისი განზომილებიდან გამომდინარე, თუმცა ქართული სიმტიცე ნაკლები არ ყოფილა და ყოველ ჯერზე, როდესაც არსებობს ეჭვი თუ საით უნდა საქართველოს სვლა, ქართული საზოგადოება აჩვენებს საით უნდა წავიდეს. ესაა ის მიზეზები, რის გამოც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. მომავალი ოქტომბრისთვის არჩევნები გვექნება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნების ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი შედეგი, ვინც არ უნდა იქნეს არჩეული, ჩვენი ევროპული გზისა და ევროპული ორიენტაციის მხარდაჭერა იქნება. ეს წაგვიყვანს წინ გაფართოების გზაზე და იმედია, რაც შეიძლება მალე მოლაპარაკებების გახსნამდე. ეს ჩვენი გზაა და მე ამ გზას ყველა ფორმით ბოლომდე მხარს დავუჭერ, რამდენადაც შემიძლია”, – თქვა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები