ღია ჭრილობები აქვს, ძალიან შეშინებულია, ადამიანის დანახვაზე ცდილობს დაიმალოს – ზოოპარკის დირექტორი

ვმკურნალობთ დათვს, რომელიც გორის რაიონის სოფელ იფნარას მიმდებარედ, ტყეში იყო დაბმული, – ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დათვს, სავარაუდოდ, საყელური უფრო პატარა ასაკში გაუკეთეს, შემდეგ მისი მოხსნა ვერ შეძლეს, რის გამოც ცხოველს ღია ჭრილობა აქვს.

როგორც მან აღნიშნა, ცხოველი ვეტექიმების მონიტორინგის ქვეშაა, როცა ჭრილობა შეხორცდება, შემდეგ დაიწყება მისი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.

,,დათვი ჩამოყვანილ იქნა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, ერთ-ორ დღეში მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება. ჭრილობები ნორმალურ მდგომარეობაშია, თუმცა თვითონ დათვი საკმაოდ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება, ადამიანის დანახვაზე ცდილობს რომ დაიმალოს, აძვრეს, მას სჭირდება გარკვეული სიწყნარე და მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალების დახმარება.

დათვს დავარქვით იფნარა, იმ ადგილიდან გამომდინარე, სადაც ის იყო დატყვევებული. ჯერჯერობით, ვოლიერში მარტოა, ძალიან შეშინებულია, პირველი ადამიანის დანახვაზე, როცა ვიღაც შედის, ის მიძვრება ზევით, რაც დათვისთვის დამახასიათებელია, ეს არის თავდაცვის რეაქცია, არის კუთხეში, ამას სტერეოტიპული ქცევა ჰქვია, ნაკლებად აქტიურია”, – ამბობს გურიელიძე.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. პოლიციამ უნდა დაადგინოს რატომ იყო დათვი ჯაჭვით ტყეში დაბმული.

მსგავსი თემები