ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, მეპატრონე ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს ცხელი ხაზის საშუალებით 032 2 421 424 და მიაწოდოს ინფორმაცია – ცხოველის მახასიათებლების, მისი დაკარგვის დროის, ადგილისა და სხვა გარემოებების შესახებ.

,,გთხოვთ, გაითვალისწინეთ!
იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე ძაღლის დაკარგვის შესახებ სააგენტოში დაუყოვნებლივ არ განაცხადებს და შეტყობინების დატოვებამდე ცხოველი მოხვდება მუნიციპალურ თავშესაფარში, პატრონს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი (ცხოველის უმეთვალყურეოდ დატოვების გამო) და ვალდებული იქნება, ცხოველის ტრანსპორტირებისა და ყოველდღიური მოვლა-პატრონობის ხარჯები აანაზღაუროს. იმ შემთხვევაში, თუ ის განაცხადებს ფაქტის შესახებ სააგენტოს ცხელ ხაზზე, ყოველგვარი ჯარიმის საფასურის გადახდისგან თავისუფლდება.

სააგენტო ვალდებულია, რომ სავარაუდოდ, დაკარგული ცხოველის შესახებ შეტყობინების მიღებისას, ცხოველი თავშესაფარში გადაიყვანოს და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები მისი პატრონის მოსაძიებლად. კერძოდ, გამოაქვეყნოს განცხადება და ფოტოსურათი ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში. მეპატრონეს ეძლევა 10-დღიანი ვადა, რომ დაიბრუნოს ცხოველი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტო ცდილობს ცხოველისათვის ახალი პატრონის მოძებნას და აქვეყნებს განცხადებას მისი გაჩუქების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მათ აღნიშნეს, ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, პირველ რიგში, სააგენტოს ცხელ ხაზზე უნდა განაცხადოთ ფაქტის შესახებ და ასევე, შეამოწმოთ სააგენტოს სოციალურ ქსელზე ან ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია.

მათივე ცნობით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. არაიდენტიფიცირებული და არარეგისტრირებული ცხოველის ყოლა კი იწვევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

 

მსგავსი თემები