„აშშ-ს ირანთან ომი არ სურს“ – ჯონ კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანთან ომი არ სურს.

მისი თქმით, აშშ-ს სტაბულური და უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთი სურს.

„ჩვენ ირანთან ომი არ გვსურს. რეგიონში კონფლიქტის ესკალაციას არ ვცდილობთ. ცხადია, ეს თავდასხმები გრძელდება. ჩვენ ვარიანტების განხილვას გავაგრძელებთ. მე უზენაესი ლიდერის სახელით საუბარი არ შემიძლია, მაგრამ შემიძლია გითხრათ რა გვსურს ჩვენ. ჩვენ უსაფრთხო და სტაბილური ახლო აღმოსავლეთი გვსურს და გვინდა, რომ ეს თავდასხმები შეწყდეს…

ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ საღი აზრი გვაქვს და გვჯერა, რომ ამ დაჯგუფებას მხარს „კატაიბ ჰეზბოლა“ უჭერს, რომლის უკანაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი დგას, ერაყსა და სირიაში მოქმედებს და ჩვენი ჯარისკაცების წინააღმდეგ უამრავი თავდასხმა განახორციელა“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

ცნობისთვის, გუშინ, ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში, სირიის საზღვართან, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა 3 ამერიკელი ჯარისკაცი და 34 დაშავდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა განახორციელეს. ირანი თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.

მსგავსი თემები