კენჭისყრაზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმებები უკანონოდ ცნეს

„რუსეთის ფედერაციასა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის დადებული შეთანხმებები და მათი “რატიფიცირების“ თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები უკანონოა“ – აღნიშნულია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიაზე ორი საკითხი განიხილეს. საუბარია 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის თაობაზე რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის დადებული „შეთანხმებასა“ და „რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ დადებული „შეთანხმება.“

დეპუტატებმა კენჭისყრაზე ორივე დოკუმენტი ერთხმად, უკანონოდ ცნეს.

„2022-25 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის შესახებ მოსკოვსა და სოხუმს შორის დადებული „შეთანხმება“ ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, გაეროს პაქტს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, ისე საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციასა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონს.

სრულიად აშკარაა, რომ შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ მთლიანად ჯდება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკის  ჩარჩოებში. იგი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ტოტალური დარღვევის მორიგ გამოვლინებას, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ არაერთგზის აღიარებული და დაგმობილი ეთნიკური წმენდის, გენოციდის უმძიმესი შედეგების დაკანონების მცდელობას“ –  აღნიშნულია დადგენილებაში.

როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარია აღნიშნავს,  უმაღლესი საბჭო ვალდებულია მოახდინოს რეაგირება ყველა იმ მოვლენასა თუ პროცესზე, რომელიც ვითარდება აფხაზეთში და პრობლემის მოგვარებასთან არის დაკავშირებული.

„მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი საბჭოს ეს დადგენილებები, ისევე, როგორც სხვა დადგენილებები, გამოქვეყნდება საკანონმდებლო „მაცნეში“, ასევე აუცილებლად იქნება გადაგზავნილი საქართველოში არსებულ უცხო ქვეყნების საელჩოებში, მოქმედ ყველა მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციაში და უცხოეთში მოქმედ საქართველოს წარმომადგენლობებში“ – აღნიშნავს ჯემალ გამახარია.

მსგავსი თემები