რა ხდება პრემიერის გადადგომის შემთხვევაში?

რა ხდება პრემიერის გადადგომის შემთხვევაში? ამის შესახებ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოციალურ ქსელში განმარტებას ავრცელებს.

,,პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში მას უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე. ამ დროს მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.

პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან არაუგვიანეს მე-9 დღისა პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას”, – განაცხადეს საია-ში.

როგორც მათ აღნიშნეს, პარლამენტის კომიტეტები დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით და ფრაქციები განიხილავენ მთავრობის სამთავრობო პროგრამას და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს.

,,პარლამენტი პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა (76 ხმა).

თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს”, – ამბობენ საია-ში.

მათივე თქმით, პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი ზემოთ აღნიშნული ორი კვირის ამოწურვიდან მომდევნო 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

,,მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.

თუ მთავრობის შემადგენლობის წარდგენა ემთხვევა საპარლამენტო არდადეგებს ან იმ კვირას, როდესაც პლენარული სხდომები არ იმართება, მოიწვევა რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა”, – განმარტავენ საია-ში.

მსგავსი თემები