,,მზად ვართ, ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვოთ, მაგრამ ხალხს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომ ცესკო-ს არალეგიტიმური თავმჯდომარე ჰყავს”- ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით,  ცესკო-ს არალეგიტიმური თავმჯდომარე ჰყავს, რომელიც  სუს-ისგან იმართება. მისი თქმით, ”ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა, რომ ამ ადამიანის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას”.

„ცესკო-ს და რუსულ პარტიას სურს, წარმოაჩინოს, თითქოს პრობლემა ელექტრონული არჩევნებია. პრობლემა არის, შემორჩენილი თავმჯდომარე რომ ჰყავს ცესკო-ს, არალეგიტიმური, ადამიანი, რომელიც არჩეული არ არის. ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა, რომ ამ ადამიანის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან არ აურჩევია პარლამენტს და „ქართულმა ოცნებამ“თავმჯდომარედ დატოვა. დღეს მოვიტანე 176-გვერდიანი დასკვნა და ასობით მტკიცებულება, რომ ცესკო პირდაპირ შეზრდილია „ქართულ ოცნებასთან“ და ხელისუფლებასთან. ჩემი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: „ქართულ ოცნებასთან“ რომ შეზრდილია ცესკო და ეს კაცი რომ არალეგიტიმურია, ამ ცესკო-ს რანაირად უნდა ჰქონდეს რაიმე სახის ლეგიტიმაცია? მეორე – ემიგრანტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, არჩევნებში დააფიქსირონ თავიანთი ხმა. ელექტრონულ მოწყობილობებთან კი არ გვაქვს პრობლემა, ცხადია, თანამედროვე ტექნოლოგიები კარგია, ოღონდ მნიშვნელოვანია, ვინ არის, ვინც ამ აპარატურასთან მიდის და მართავს. ჩვენ არ ვენდობით იმას, ვინც მართავს აპარატურას. მნიშვნელოვანია, ყველა ოპოზიციონერმა დასვას საქმიანი შეკითხვა, რომელიც ეხება ცესკო-ს თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, რომ სუს-ი მართავს თავიდან ბოლომდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მიუხედავად ამისა, ცხადია, მზად ვართ, რომ ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვოთ, მაგრამ ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომ არალეგიტიმური თავმჯდომარეა, რომელიც იმართება სუს-ისგან. ემიგრანტებმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ. თუ არ მიიღებენ, ეს იქნება უსერიოზულესი პრობლემა და ლეგიტიმაციის საკითხის დაყენების საფუძველი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები