,,სააკაშვილის ოთახი კარგად მოწყობილია”- ”წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასებას აქვეყნებს

„წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასებას აქვეყნებს და გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემს.
ანგარიშის თანახმად, ყველა პატიმარი, რომელიც „ვივამედის“ დაცულ ნაწილში იმყოფებოდა, დათანხმდა იქ მკურნალობას ნებაყოფლობით ან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. მათი უმრავლესობა კმაყოფილია მიღებული მკურნალობით.

„თითქმის ყველა ოთახს დიდი ფანჯრები ჰქონდა, რაც უზრუნველყოფდა კარგ ბუნებრივ განათებას და სასიამოვნო ხედს. თუმცა, ეს არ ეხებოდა სააკაშვილის ოთახს, სადაც ფანჯრებში დაბურული შუშა იყო ჩასმული და პრაქტიკულად არ იღებოდა (კლინიკაში მიღების შემდეგ, ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში). ამ კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა კომიტეტს თავისი 2023 წლის 12 აპრილის წერილში, ფანჯრებში დაბურული შუშები შეიცვალა და ბ-ნ ს.-ს მიეცა გარე ხედისა და მზის შუქის ხილვის საშუალება. კომიტეტი მიესალმება ამ პოზიტიურ ნაბიჯს. სააკაშვილის ოთახი კარგად მოწყობილია (მას ჰქონდა დივანი, მაგიდა, სკამები და მაცივარი). განსხვავებით მე-4 და მე-6 სართულების ოთახებისა, სადაც პაციენტების ოთახებში ძირითადად მხოლოდ საწოლები და პატარა კარადები იყო განთავსებული, არ ჰქონდათ სკამები და მაგიდები (გარდა რამდენიმე ოთახისა, სადაც უფრო მძიმედ დაავადებული პაციენტები იმყოფებოდნენ), რაც ნიშნავდა, რომ პაციენტებს საკვების მიღება მხოლოდ საწოლზე მჯდომარეებს შეეძლოთ (არ იყო გამოყოფილი სასადილო ოთახები). დელეგაციამ ნათლად დაინახა, რომ პაციენტების უმეტესობა არ იყო საწოლზე მიჯაჭვული. კომიტეტი „ვივამედის“ კლინიკის მე-4 და მე-6 სართულების პაციენტების ოთახების ავეჯით უზრუნველყოფის რეკომენდაციას აძლევს, ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით.

მხოლოდ ბატონ ს.-ს ჰქონდა წვდომა ტელევიზიაზე, ბეჭდურ და ონლაინ მედიაზე. სხვა პაციენტებს მხოლოდ ძალიან პატარა ბიბლიოთეკიდან ჰქონდათ (ან სახლიდან) წიგნებზე წვდომა და არ ჰქონდათ ტელევიზიაზე, რადიოსა და პრესაზე წვდომა.

არცერთ პაციენტს არ ჰქონდა გარე ვარჯიშის ან გასეირნების საშუალება, რადგან კლინიკას არ აქვს ეზო. ეს სულაც არ წარმოადგენდა პრობლემას იმ პაციენტთა უმრავლესობისთვის, რომლებიც „ვივამედის“ კლინიკაში მხოლოდ რამდენიმე დღით რჩებოდნენ (ჩვეულებრივი ყოფნის ხანგრძლივობა რამდენიმე დღიდან ორ კვირამდეა), მაგრამ რამდენიმე (სულ მცირე სამი) პაციენტი კლინიკაში ბევრად მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, მათ შორის ერთი პაციენტი ხუთი თვე და მეორე (ბატონი ს.) ცხრა თვეზე მეტი ხნით.

ფაქტი, რომ აღნიშნული პაციენტები სუფთა ჰაერზე, მზის შუქზე გასეირნებას და ნებადართულ ფიზიკურ აქტივობებს მოკლებულნი იყვნენ, არა მხოლოდ დამთრგუნველი, არამედ ანტითერაპიულიც იყო.

გარდა ამისა, ზოგიერთი პაციენტი მხოლოდ თავის ოთახში იყო ჩაკეტილი და ყველანაირი კომუნიკაციის შესაძლებლობას, ხანდახან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო მოკლებული. ეს უშუალოდ ეხება ბატონ ს.-ს, რომლის რეჟიმი სამარტოო საკანის რეჟიმს ჰგავდა“, – ნათქვამია კომიტეტის ანგარიშში.

ამასთნან, კომიტეტი რეკომენდაციას გასცემს, „მნიშვნელოვანია, პაციენტებს ჰქონდეთ გარეთ გასეირნების შესაძლებლობა, ტელევიზიაზე, რადიოსა და პრესაზე წვდომა”

ბატონი ს.-ის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს წვდომა მთელ რიგ სამედიცინო სპეციალისტებთან და მკურნალობასთან, ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა მარტო ყოფნა მრავალი თვის განმავლობაში, გარე ვარჯიშის ნაკლებობა და კამერებით მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ყოფნა, იწვევს სიტუაციას, რომელიც არის მჩაგვრელი, დამამცირებელი და არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მსგავსი თემები