,,დანიის ელჩის განცხადება მიმართულია ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ”- გია ვოლსკი

დანიის ელჩის განცხადება მიმართულია ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ, მაგრამ რეალობაში იმ პროცესს აძლევს ბიძგს, რომელიც ახლა შენელებულია – შენელებულია დაპირისპირების ის ხარისხი, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სისხლისღვრით ელოდა და არ შედგა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დანიის ელჩის განცხადება სურვილია, რომ ამ პროცესმა ახალი ძალა და ახალი ნაპერწკალი მიიღოს.

„დანიის ელჩის განცხადება სურვილია, რომ ამ პროცესმა ახალი ძალა და ახალი ნაპერწკალი მიიღოს. სხვანაირად ვერ შევაფასებ მის ამ განცხადებას, რომელიც აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან. როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ და არ ფიქრობ, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილიც და ამოუგლეჯავიც შეიძლება, საკმაოდ დამაზიანებელი იყოს ისედაც დაძაბულ სიტუაციაში, ესე იგი ან არაპროფესიონალი ხარ ან განზრახ აკეთებ ისეთ რამეს, რასაც გამართლება არა აქვს. ყველაზე უკეთესი თავის მართლება იქნებოდა, ეთქვა, რომ ის პროფესიონალი დიპლომატი არ არის და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, ჩამოყალიბებაზე და გაძლიერებაზე კი არ მუშაობს, არამედ მუშაობს კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, ეს გასაგები იქნებოდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები