რესპუბლიკის მოედანზე კარვები აიღეს – ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია კვლავ რიონის ხეობაში გადაინაცვლებს

რესპუბლიკის მოედანზე კარვები აიღეს. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები პროტესტს განაგრძობენ, მაგრამ არა თბილისში, ისინი რამდენიმე საათში რიონის ხეობაში გაემგზავრებიან. 4 საათზე მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წარმომადგენლები ახალ განცხადებას გააკეთებენ.

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ვარლამ გოლეთიანის თქმით, ის დარღვევები, რომლებსაც ისინი უკვე ნახევარ წელზე მეტია აპროტესტებენ, გამოჩნდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნაშიც. ვარლამ გოლეთიანმა რიონის ხეობაში პროტესტის ფორმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი კომპანია ენკას ტრანსპორტს ხეობაში გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ:

“დარღვევები სახეზეა, ჩვენ რასაც ვამბობდით, იუსტიციის სამინისტროს დასკვნაშივე წერია მთელი ის ჩამონათვალი რასაც ამდენი ხანი, 212 დღეა ვაპროტესტებთ. გადაიკეტება ხეობაში შესასვლელი გზები კომპანიის მანქანებისთვის მხოლოდ. ბუნებრივია მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება,”- აღნიშნა გოლეთიანმა.

ვარლამ გოლეთიანმა საპროტესტო მოძრაობის დაფინანსებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი უარს ამბობენ ისეთი დაფინანსების მიღებაზე, რომელიც შესაძლოა სპეკულაციის საგანი გახდეს:

“იყო შემოთავაზებები მსგავსი დახმარებისა და ჩვენ მიზანმიმართულად ყველას ვეუბნებით უარს იმიტომ რომ არ მოყვეს ამას სპეკულაციები. ვინც ჩათვლიდა საჭიროდ რომ ეს არის ნამდვილად ეროვნული საქმე და საკეთებელი თითოეული ჩვენგანის, მოვა და დადგება და მათ შორის დადებს იმ ფულსაც. არის რამდენიმე ათასზე საუბარი და ეს ფული ამ ნახევარი წლის განმავლობაში არის შეკრებილი ემიგრანტებისგან და ჩვენი თანამოქალაქეებისგან,” – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი ნახევარი წელზე მეტია გრძელდება. რამდენიმე დღის წინ კი პროტესტმა დედაქალაქში გადმოინაცვლა. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია “ენკასთან” გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას და ჰესის მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ.

მსგავსი თემები