საქართველოში დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს – ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.4% შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 0.1%-ით გაიზარდა.

მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთის მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ამავდროულად, მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი, როგორც მარეგულირებელში აღნიშნავენ, საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად, იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს.

,,დეკემბერსა და იანვარში წითელ ზღვაში არსებულმა დაძაბულობამ საერთაშორისო ტრანსპორტირების ფასები მკვეთრად გაზარდა. ამ ფაქტს ჯერჯერობით საქონლის ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. ტრანსპორტირების ფასების შემდგომი ცვლილება წითელ ზღვაში მიმდინარე კონფლიქტის ხანგძლივობასა და ინტენსივობაზე იქნება დამოკიდებული. დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში ფასები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. წლიურ ჭრილში აღსანიშნავია სურსათის 3.1%-ით გაიაფება, რამაც ინფლაცია 1.0 პპ-ით შეამცირა. სურსათიდან გამოსარჩევია მზესუმზირის ზეთის, პურის, კარტოფილის და იმერული ყველის გაიაფება, რამაც დეკემბერში ინფლაცია, ჯამურად, 1.4 პროცენტული პუნქტით შეამცირა. ძროხის ხორცის გაძვირებამ კი ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ამდენითვე გაზარდა ინფლაცია საბანკო მომსახურების გაძვირებამ. დეკემბერში ბენზინის ფასმა თვიურად ოდნავ იკლო, თუმცა გასული წლის დეკემბრის ფასს 9.7%-ით გადააჭარბა და ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 1.9% შეადგინა”, – აცხდებენ სებ-ში.

 

მსგავსი თემები