„მომდევნო პერიოდში შემთხვევები, სავარაუდოდ, მოიმატებს“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ქვეყანაში გავრცელებულ ვირუსთან დაკავშირებით იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა,  თსსუ-ის პროფესორმა  ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყნაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალის.

„ქვეყანაში გრიპი დომინანტური გახდა. გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა. თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებს, 2023 წლის 49-ე და 51-ე კვირის მონაცემებს თუ შევადარებთ, პრაქტიკულად გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა. თუ 49-ე კვირას ეს ციფრი 16% იყო, 2 კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი 27 % გახდა“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც პროფესორმა განმარტა, განსაკუთრებით ყურადღება ბავშვებს სჭირდება.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა აქვს 38 გრადუსი და მეტი, ძლიერი თავის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე მიუთითებს გრიპის ვირუსის არსებობაზე. ბავშვებში ამ ყველაფერს ემატება მომატებული ძილიანობა, საკვებზე უარის თქმა, ჭირვეულობა. ეს ყველაფერი გრიპის ვირუსის არსებობაზე მიუთითებს, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში ეს შემთხვევა უნდა იყოს ექიმის მიერ მართული“,- აღნიშნა ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

ივანე ჩხაიძის განმარტებით, მომდევნო პერიოდში მოსალოდნელია შემთხვევების მატება.

„რეკომენდაცია ეხება სიმპტომურ მართვას. ტემპერატურის შემთხვევაში (38 და მეტი) სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება – ეს შეიძლება იყოს ჩაი, წყალი, ახლად მომზადებული წვენი. აუცილებლად დარჩით სახლში. გრიპი გადამდებია და ბავშვი თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია, ამიტომ თუ თქვენ ეს ნიშნები გაქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩეთ სახლში“,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები