სუპერ პაკ-ი არის ოპოზიციის და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების გეგმა – არჩილ თალაკვაძე

სუპერ პაკ-ი არის ოპოზიციის და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების გეგმა და ასეც იქნება, –  ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს ჩამოართვეს პარტია, გავლენები და ამ გავლენების გადანაწილება მიმდინარეობს პარტიულ ჯგუფებს შიგნით.

„მიხეილ სააკაშვილი იცავს იმას, რაც უკვე აღარ არსებობს. მას ჩამოართვეს პარტია, გავლენები და ამ გავლენების გადანაწილება მიმდინარეობს პარტიულ ჯგუფებს შიგნით და გარედან მათი ჩრდილოვანი დამფინანსებლებით. მან დააანონსა გაერთიანების მანიფესტი და მეტად დაშალა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ახლა დააანონსა სუპერ-პაკი. ჩვენ გვისვამენ კითხვას, რა არის სუპერ პაკ-ი. სინამდვილეში, სუპერ პაკ-ი არის ოპოზიციის და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების გეგმა და ასეც იქნება. ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს, რა პროცესები მიმდინარეობს ოპოზიციაში, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ჩამოწერეს თავისმა პატრონებმა და ლობისტებმა. ეს ეტყობა ყველანაირ პროცესს, ახლა მიმდინარეობს დარჩენილი პოლიტიკური კაპიტალის გადაქაჩვის პროცესი. რადიკალური ოპოზიციის სხვა სატელიტური პარტიები ყოველდღე ცდილობენ, როგორმე „ნაციონალურ მოძრაობისგან“ დისტანცირება მოახდინონ. ამისთვის არ იშურებენ და არც ერიდებიან თავისი მეგობრის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მოთხოვნასაც, რათა მოატყუონ საზოგადოება, თითქოს ცალკე პარტიები არიან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არაფერი აკავშირებთ. ეს არის თვალთმაქცობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მსგავსი თემები