„არ მინდოდა მოლოცვის დროს მარტო ვყოფილიყავი“ – სალომე ზურაბიშვილი

„დღეს ყველას უხარია, ვისაც სჯეროდა, არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების შემდეგ.

„არ მინდოდა, მოლოცვის დროს მარტო ვყოფილიყავი. ადმინისტრაციის ნაწილი, ვინც აქ იყო ამ საღამოს, ჩემთან არიან, რადგან ყველანი ერთად ვიყავით ამ დიდ მოლოდინში. მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, რადგან ვიცი, რომ დღეს ყველას უხარია, ვისაც სჯეროდა, არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა, მაგრამ დღეს ყველა გახარებულია, რადგან ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვენი მომავალი და ამ მომავლისკენ ჩვენ გადავდგით ძალიან სერიოზული ნაბიჯი“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მას პირადადა შარლ მიშელმა მიულოცა ეს დიდი გამარჯვება.

„დამირეკა უკვე და პირადად ვუთხარი მადლობა შარლ მიშელს, რომლის დიდი წვლილია დღევანდელ დღეს, რომ ეს ძალიან რთული ვითარება, რაც არსებობდა ევროკავშირში, გადაწყდა. არავინ იცოდა, როგორ გადაწყდებოდა და მათი დიპლომატიური ძალისხმევა იყო ძალიან სერიოზული და არამხოლოდ დღევანდელ დღეს, მთელ ამ პერიოდში გვყავდა მისი სახით დიდი მეგობარი და ამისთვის დიდი მადლობა ვუთხარი პირადად და საჯაროდ მინდა ვუთხრა,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები