რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა მზადაა, დაგვეხმაროს და გაიხსნას უსაფრთხო საარჩევნო უბნები – სალომე ზურაბიშვილი

რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა მზად არის, დაგვეხმაროს და გაიხსნას უსაფრთხო საარჩევნო უბნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება, მხოლოდ ერთი ცენტრი იყოს საელჩოში, უნდა გაიხსნას სხვადასხვა საარჩევნო უბანი, მით უმეტეს დიდ ქვეყნებში.

,,დიასპორა და არჩევნები ჩემი თემაა. სულ მაწუხებდა ეს, რადგან იქ ვხედავდი სხვადასხვა არჩევნების დროს, რამდენად არასერიოზული ასახვა არის შედეგებზე იმისა, თუ რა განწყობაა ემიგრაციაში. არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაინც. მე რომ წავაგე არჩევნები პარიზში, ცოტა მაინც უცნაური უნდა იყოს. მილიონი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს დღეს საზღვრებს გარეთ, მათ შორის ძალიან ბევრი არალეგალია და არაფერი კეთდება. სხვათა შორის, არცერთი ხელისუფლება აქამდე არ დაინტერესდა, რომ არჩევნებში მონაწილე ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა გაიზარდოს. პატარა ჯგუფის, რომელიც საელჩოს ირგვლივ არის კარგად მოკალათებული, მონაწილეობა არჩევნებში ითვლებოდა როგორც სრულიად საკმარისი და ყველა ხელისუფლება ფიქრობდა: „რატომ ავიტკივოთ თავი და დავიწყოთ რაღაც კამპანია საზღვარგარეთ, რომელიც ბევრად უფრო რთული იქნება“.

ერთი რამ არის აქაც ძალიან ნიშანდობლივი, რომ ის ადამიანები, რომლებიც გარეთ ცხოვრობენ და დამოუკიდებლად მუშაობენ, მოღვაწეობენ, მათზე პოლიტიკური გავლენების მოპოვება ბევრად უფრო რთულია. ამათ ვერ იჭერ შენი ხელფასით, გავლენით, შვილებით, მეუღლით და ა.შ. ასე რომ, ეს არის ბევრად უფრო თავისუფალი, ცოცხალი ნაწილი ჩვენი ამომრჩევლებისა და მათი მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს დისკუსია ახლა უნდა დაიწყოს და მოხარული ვარ, რომ იწყება სხვადასხვა წრეში. ეს ნიშნავს, რომ თემა აქტუალურია. ბევრი სხვადასხვა საშუალება არსებობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან, რომ ბევრად მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. მთავარია, ხელმისაწვდომი იყოს ის ადგილები, სადაც არჩევნებში შეგიძლია, მონაწილეობა მიიღო. არ შეიძლება, იყოს მხოლოდ ერთი ცენტრი საელჩოში, უნდა გაიხსნას სხვადასხვა საარჩევნო უბანი, მით უმეტეს დიდ ქვეყნებში, სადაც რთულია ჩვენი მოქალაქეებისთვის მონაწილეობა. ვიცი, რომ რამდენიმე ჩვენი პარტნიორი ქვეყანა მზად არის, დაგვეხმაროს იმისთვის, რომ გაიხსნას უსაფრთხო უბნები ამ ქვეყნებში.

მეორე საკითხია, რომ არალეგალებს ყოველთვის ეშინიათ, რომ მისვლა საელჩოსთან ან საარჩევნო უბანთან იქნება აღნიშნული ადგილობრივი პოლიციის მიერ და მათ შეიძლება, რაღაც საფრთხე შეექმნათ. ეს საკითხი ასევე გადაწყვეტილია ბევრ ქვეყანას შორის. მე მიკვირს ზოგჯერ საზოგადოების ამ საკითხებზე – დიასპორის საარჩევნო უფლებები თუ მოქალაქეობის გამარტივების საკითხი, რატომ დუმს საზოგადოება, როცა პრაქტიკულად, ყველა ოჯახში არის ვიღაც, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები