,,ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის წევრებისთვის ხელფასების ზრდას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა

,,ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის წევრებისთვის ხელფასების ზრდას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2025 წლის პირველი იანვრიდან, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებსა და თანამდებობის პირებს ხელფასები გაეზრდებათ. ცვლილებებს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 0 იყო.

კანონპროექტის ინიციატორი შალვა პაპუაშვილია, რომელმაც მანამდე განმარტა, რომ ეს არა ხელფასების ზრდა, არამედ თანხის შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც 2017 წელს დადგინდა.

დოკუმენტი ითვალისწინებს:

პარლამენტის თავმჯდომარეს – 10 000 ლარი [არსებული ხელფასი: 6 740 ლარი];
პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 9 500 ლარი [არსებული ხელფასი: 6 400 ლარი];
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 9 250 ლარი [არსებული ხელფასი: 6 340 ლარი];
კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს – 9 000 ლარი [არსებული ხელფასი: 5 540 ლარი];
კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 8 750 ლარი [არსებული ხელფასი: 4 800 ლარი];
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 8 500 ლარი [არსებული ხელფასი: 4 740 ლარი];
პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 8250 ლარი [არსებული ხელფასი: 4 624 ლარი].

აქვე, ინიცირებულ კანონპროექტში დეპუტატის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახისთვის ფულადი დახმარების საკითხიცაა განხილული. დოკუმენტში წერია ისიც, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრი უფლებამოსილების განხორციელებისას შშმ პირად იქნება აღიარებული:

,,თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით.
პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.
პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით “, – წერია კანონპროექტში.

მსგავსი თემები