,,სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება“ – გიორგი ამილახვალი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესებაზე და ამ
მიმართულებით არსებულ სიახლეებზე ისაუბრა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, მიმდინარეობს ცრუ, დეზინფორმაციული კამპანია, რომ თითქოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2024 წლის სექტემბრამდე არ გეგმავს მასწავლებლებისთვის ანაზღაურების ზრდას. რეალურად კი, მიმდინარეობს მუშაობა ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება დამის ფარგლებში მოხდება, ბოლო წლების განმავლობაში, მასწავლებელთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდა.

მინისტრის თქმით, ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება – ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია
არ განხორციელებულა.

,,მასწავლებელთა დაფასებისა და მათთვის ღირსეული ანაზღაურების შეთავაზების მიზნით, მიმდინარეობს როგორც ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბება, ასევე სხვა მხარდამჭერი პროგრამების შეთავაზება.
ყოვლად მიუღებელია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და მათი წარმომადგენლების, ასევე პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან იმ დამაზიანებელი, დეზინფორმაციული კამპანიის წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებელთა ხელფასების უპრეცედენტო ზრდის შესახებ
გადაწყვეტილებისთვის ჩრდილის მიყენებას.

მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ 2012 წლამდე, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი შეადგენდა 330 ლარს. დღევანდელი მონაცემებით საშუალო ხელფასი გაზრდილია თითქმის 300%-ით და შეადგენს 1230 ლარს.

მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ზრდისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასწავლებლები გაცილებით უფრო მაღალ ანაზღაურებას იმსახურებენ და შესამუშავებელი და შესაცვლელია ის სახელფასო ფორმულა, რაც ახლა სისტემაში გვაქვს. ჩვენი ანალიზის, კვლევებისა და მასწავლებლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად,
სამინისტროში მიმდინარეობს ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა, რომლის კონკრეტული დეტალები საზოგადოებას, როგორც უკვე აღვნიშნე, დეკემბერში გამართულ პრეზენტაციაზე საჯაროდ ეცნობება. თუმცა, აქვე კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ახალი სახელფასო კონცეფცია მოიცავს პედაგოგებისთვის
ხელფასის უპრეცედენტო ზრდას და სრული დატვირთვის პირობებში ამჟამინდელ არსებულ ხელფასებთან მიმართებაში, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა ბოლო წლების განმავლობაში იქნება უპრეცედენტო –
სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა,”- განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები