„გირჩი“ არასდროს გაერთიანდება „ნაცმოძრაობასთან“- იაგო ხვიჩია

„გირჩი“ არასდროს გაერთიანდება „ნაცმოძრაობასთან“. არ გვჭირდება, რომ ვინმეს ბარიერის გადასალახად შევუერთდეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურმა სპექტრმა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა უნდა ისწავლონ.

„იდეური ერთობა ერთ დღეში როგორ უნდა დაინახოთ? – წარმოუდგენელია, ვიღაცამ მესიჯი დაწეროს და მთელმა ქვეყანამ დავიჯეროთ, რომ იდეური ერთობა შემდგარია. პოლიტიკურმა სპექტრმა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა უნდა ვისწავლოთ. კარგია, მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ კონკრეტულ საკითხებზე ვითანამშრომლოთ. ასეთია ეროვნული ბანკი და ამნისტია. ეს თუ გაგრძელდება და ინტენსიური ხასიათი ექნება, აჩვენებს ტენდენციებს, თორემ, ხომ გაგიგიათ, ერთი მერცხალი და ბულბულის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო. „გირჩი“ არასდროს გაერთიანდება „ნაცმოძრაობასთან“. ზოგადად, არავისთან არანაირი ტიპის თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, არასერიოზული იქნება, ვთქვა, რომ ვიღაცასთან რაიმე ტიპის თანამშრომლობას გამოვრიცხავ, მაგრამ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს ლოგიკური და დაფუძნებული იმაზე, რომ პარტიებს ბევრ საკითხზე აქვს დამთხვევები. ეს პროცესი ჯერ დაწყებული არ არის. ამიტომ საფუძველს მოკლებულია საუბარი ნებისმიერ გაერთიანებაზე, იმაზე, რომ „გირჩი“ ვინმესთან გაერთიანდება. პირადად მე, იაგო ხვიჩიას და ჩემს სხვა მეგობრებსაც არ გვჭირდება, რომ ვინმეს ბარიერის გადასალახად შევუერთდეთ. ჩვენ გვინდა, ადამიანების ნდობა გვქონდეს იმდენი, რომ ბარიერის გადალახვა ჩვენით შევძლოთ და ამის შემდეგ, ბარიერგადალახულები მივიდეთ სხვასთან სალაპარაკოდ, როგორ მოვაწყოთ ეს ქვეყანა,”- განაცხადა ხვიჩიამ.

მსგავსი თემები