ვიქტორ ორბანი შარლ მიშელისადმი წერილში კიევის მხარდაჭერაზე სტრატეგიის გადახედვას ითხოვს – ”პოლიტიკო”

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების, ასევე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაბლოკვით იმუქრება, თუ ევროკავშირის ლიდერები არ დათანხმდებიან კიევის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მთლიანი სტრატეგიის გადახედვას. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

წერილში, რომელიც მიმართულია ევროსაბჭოს ხელმძღვანელის ჩარლზ მიშელისადმი, უნგრეთის ლიდერი ამბობს, რომ  ამ საკითხზე სტრატეგიული დისკუსიის გამართვამდე, უკრაინის ფინანსურ დახმარებაზე, მასთან ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე და რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე გადაწყვეტილება არ იქნება.

„ევროპულმა საბჭომ უნდა შეაფასოს უკრაინის მიმართ ჩვენი ამჟამინდელი პოლიტიკის, მათ შორის დახმარების სხვადასხვა პროგრამის განხორციელება და ეფექტიანობა“, – წერს ორბანი წერილში.

ამასთან ორბანი წერს, რომ ევროპულმა საბჭომ უნდა გამართოს გულწრფელი და ღია დისკუსია უკრაინაში ევროკავშირის სტრატეგიული მიზნების განხორციელების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

,,მიგვაჩნია თუ არა ეს მიზნები კვლავ რეალურად შესრულებად? არის თუ არა ეს სტრატეგია მდგრადი აშშ-ის მხრიდან ძლიერი მხარდაჭერის გარეშე? შეგვიძლია თუ არა აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელება მივიჩნიოთ როგორც თავისთავად არსებული? როგორ წარმოგვიდგენია ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა ომის შემდეგ“, – წერს ორბანი.

მსგავსი თემები