,,ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას”. ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” წევრის, ლევან მგალობლიშვილის მხრიდან ქალი დეპუტატის, თინა ბოკუჩავას სიტყვიერ შეურაცხყოფას.
“საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე. სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ – მორიგი უმსგავსობა. კიდევ ერთხელ ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას – ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი”, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, უსმენენ დაპირისპირება იყო. “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ თინა ბოკუჩავას “ნაბიჭვარი” უწოდა. ბოკუჩავა მოითხოვდა, რომ დეპუტატი დარბაზიდან გაეყვანათ.