საქართველო ინგლისური ენის ცოდნით ერთ წელიწადში 13 პოზიციით დაწინაურდა და რეგიონის ყველა ქვეყანას გადაუსწრო

საქართველო ინგლისური ენის ცოდნის EF-ინდექსით (English Proficiency Index-EF EPI) წელს 113 ქვეყნის რეიტინგში 32-ე ადგილზეა და რეგიონის ყველა ქვეყანას გადაუსწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bpn.ge ავრცელებს და წერს, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი კვლევაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოზრდილი ასაკის მოსახლეობაში ინგლისური ენის ცოდნის დონეს აფასებს.

ქვეყანამ EF EPI-ის საშუალო 502-ქულიანი გლობალური ინდექსის მიხედვით 541 ქულა მიიღო. საქართველო ინგლისური ენის ზომიერად (Moderate) მცოდნე ქვეყნების სიაში მოხვდა, ცალკე აღებული ევროპის 34 სახელმწიფოს შორის კი 23-ე პოზიციაზეა.

მეზობელი და რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო ინგლისური ენის ცოდნით წელს ყველას უსწრებს. კერძოდ, რუსეთი 532 ქულით 41-ე ადგილზეა, უკრაინა 530 ქულით 45-ე ადგილზე, სომხეთს 528 ქულით 48 პოზიცია უკავია. უფრო დაბალი, Low-დონის ქვეყნების ჩამონათვალშია თურქეთი, რომელსაც 493 ქულით 66-ე ადგილი უკავია და აზერბაიჯანი, რომელიც 463 ქულით 83-ე პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის შემდეგ, ანუ ერთ წელიწადში საქართველო EF-ინდექსში 13 პოზიციით დაწინაურდა.

წლევანდელი რეიტინგი ეყრდნობა მსოფლიოს 113 ქვეყანასა და რეგიონში მცხოვრები 2,2 მილიონი ადამიანის მონაცემებს, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის. აქედან გამოკითხულთა 55% ქალი, 45% კი მამაკაცია. 99% 18-დან 60 წლამდე ადამიანია, ხოლო საშუალო ასაკად 26 წელი იყო მიჩნეული.

მსგავსი თემები