დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი პირველი მოსმენით, 85 ხმით ერთხმად მიიღო.

კანონპროექტი, რომელიც 2025 წლის 1 იანვრიდან პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების ოდენობის შეცვლას ითვალისწინებს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2017-2018 წლებში გატარებული საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, საჯარო სამსახურში დასაქმებული თანამშრომლებისთვის ანაზღაურების სხვადასხვა კოეფიციენტი დაწესდა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით ასევე დადგინდა ანაზღაურების კოეფიციენტები პარლამენტის წევრებისთვის, სადაც  კოეფიციენტები 8-დან 10-მდე განისაზღვრა.

„მიუხედავად იმისა, რომ შრომის ანაზღაურება პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის აღნიშნული წესით გაიცა, 2017 წელს პარლამენტის წევრების ანაზღაურებას ეს მიდგომა არ შეხებია და შედეგად, ბოლო 10 წელია, 2013 წლიდან პარლამენტის წევრების ანაზღაურება არ შეცვლილა. რამაც გამოიწვია დისბალანსი პარლამენტის წევრების ანაზღაურებასა და არა მხოლოდ სხვა საჯარო დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირების ანაზღაურებას შორის, არამედ თავად პარლამენტის შიგნითაც  – დღეს აპარატში დაახლოებით 50 თანამშრომელს უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე პარლამენტის წევრებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული დისბალანსის აღმოფხვრის  და პარლამენტის წევრების ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, პარლამენტის რეგლამენტში   ცვლილებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას ანაზღაურების კონკრეტული ციფრები შესაბამისი კოეფიციენტებით შეიცვალა და წარმოდგენილი პროექტის თანახმად, 7-დან 8.5-მდე კოეფიციენტი დადგინდა.

„მსურს აღვნიშნო, რომ კოეფიციენტების ათვისება ბოლომდე არ ხდება. კანონით მაქსიმალური ზღვარი არის რვიდან ათამდე და ჩვენ შვიდიდან რვანახევარამდე ვაწესებთ და დაახლოებით 85%-ით ხდება კოეფიციენტების ზღვართან მიახლოება. მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო და აღვნიშნო, რომ ეს ცვლილება არ შეეხება ამ მოწვევის პარლამენტის წევრებს და ის ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რეგლამენტის წარმოდგენილი ცვლილებები ერთჯერად ანაზღაურებასაც შეეხება, სადაც  პარლამენტის წევრის ბუნებრივ ან თავდასხმის შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში გასაცემი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება.

მსგავსი თემები