ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მეპატრონეების მიერ ცხოველების მიტოვების პრობლემასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მეპატრონეების მიერ თავიანთი ცხოველების მიტოვების პრობლემასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:

,,ბოლო პერიოდში ძალიან ხშირია პატრონების მიერ ცხოველების ქუჩაში მიტოვებისა და თავშესაფარში ჩაბარების შემთხვევები. არაერთ მოხუც, დაავადებულ, ტრავმირებულ ცხოველს ღალატობს პატრონი და ერთ დღესაც, მისთვის სრულიად უცხო და სასტიკ გარემოში ტოვებს.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ზრდასრული ძაღლის ინტელექტი 2-3 წლის ბავშვის ინტელექტს უტოლდება. როგორც ბავშვი, ისიც ასეთივე დაუცველია უცხო გარემოში და როგორც ბავშვს, მასაც ასე უპირობოდ უყვარს თავისზე მზრუნველი ადამიანი. უყვარს მაშინაც, როცა ტოვებენ.
ცხოვრება გამოწვევებით არის სავსე, მაგრამ გთხოვთ, იბრძოლეთ ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ისე, რომ არ დაკარგოთ თქვენი ოჯახის ერთგული, მოსიყვარულე და დაუცველი ოთხფეხა წევრები.
ცხოველებთან გატარებული ყოველი წამი აბედნიერებს და აფერადებს ჩვენს ცხოვრებას, ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მათი ხანმოკლე სიცოცხლე შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილი და ღირსეული იყოს.
დაიმახსოვრე, სიყვარული და ერთგულება, რომელსაც ისინი აძლევენ ადამიანს, უპირობოა. მოდით, ვუპასუხოთ მათ ასევე ერთგულებითა და სიყვარულით.”- ნათქვამია მიმართვაში.

 

მსგავსი თემები