დღეიდან, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი იქნება არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი – ირაკლი კობახიძე

დღეიდან, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ის იქნება არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ვთქვი სხდომათა დარბაზში. იმპიჩმენტის პროცედურას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. პირველი, დადგინდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში, მრავალჯერადი, მძიმე დარღვევა, რასაც ექნება სერიოზული, პრევენციული შედეგი და მეორე, კიდევ ერთხელ ვნახეთ იმ ალიანსის ლუსტრაცია, რომელიც ჩამოყალიბებულია სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას შორის. რა თქმა უნდა, ეს ორივე შედეგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად. შესაბამისად, დღეიდან შემდეგი ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი. ის იქნება არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები