”იმედის კლინიკაში” 2 მცირეწლოვანს ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა – რეგულირების სააგენტო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს ”იმედის კლინიკაში” უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. სამედიცინო დაწესებულებაში ორ მცირეწლოვან პაციენტს ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა.

,,შპს ”იმედის კლინიკას“ ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაწესებულებაში არსებული დარღვევა-ნაკლოვანების გამო 13 სექტემბერს შეუჩერა. მიუხედავად ამისა, კლინიკაში 2 ოქტომბერს გეგმური ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა, რაც უკანონო სამედიცინო საქმიანობას წარმოადგენს.

უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრიდან, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ძალაში შევიდა რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების სანებართვო პირობები. სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს აღნიშნული განყოფილებების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის და ა.შ. მიმართულებით”,- ნათქვამია რეგულირების სააგენტოს განცხადებაში.

მსგავსი თემები