ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე საქმიანობის ანგარიში წარადგინა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ  საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უწყების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და დარგის ექსპერტები. შეხვედრაზე, სააგენტოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა მიმდინარე და დასრულებულ საქმეებზე, კონკურენციის კანონმდებლობის ფარგლებში მიღებულ შედეგებზე, აღსრულების მექანიზმებზე და არსებულ გამოწვევებზე. მისი განმარტებით, 2022 წელს, 3 მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და შეთანხმებული ქმედების ფაქტებზე დასრულდა. ასევე, დასრულდა 3 ბაზრის მონიტორინგი, ხოლო 2 ახალი ბაზრის შესწავლა დაიწყო. უწყების მიერ გაცემულ იქნა 17 სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია: 1 – საწვავის ბაზარზე; 2 – ჰოსპიტალურ სექტორში ოჯახის ექიმის მომსახურების ფარგლებში; 13 – ფარმაციის ბაზრის შესწავლის პროცესში და 1- მთარგმნელობითი-სათარჯიმნო მომსახურების სექტორში. ამავე პერიოდში, 6 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა.

„2022 წელს, ჯანდაცვის სექტორში, ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. კერძოდ, უკვე დანერგილია: ელექტრონული და გენერიკული რეცეპტები, ხარისხის სტანდარტები, რეფერენტული ფასები და ა.შ. დაშვებულ იქნა მედიკამენტების პარალელური იმპორტი თურქეთის რესპუბლიკიდან, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 50-70%-იანი ფასების შემცირება დაფიქსირდა. რეფორმები გრძელდება, რათა თითოეულმა მომხმარებელმა მედიკამენტების სამართლიან და კონკურენტულ ფასად შეძენა შეძლოს. 2023 წელს,  ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით, 5 კომპანიის მიმართებით დაწყებული მოკვლევა კი მიმდინარე რეჟიმშია.

ყველასათვის ცნობილია, რომ 2022 წლის პირველი ნახევარი, ნავთობზე მაღალი ფასებით გამოირჩეოდა, რამაც ნავთობ იმპორტიორი ქვეყნების ეკონომიკაზე და ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. შესაბამისად, მონიტორინგის ფარგლებში მიღებული შედეგების თანახმად, სააგენტომ საქართველოში მოქმედი 5 საწვავის რეალიზატორი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო, რომელიც 2023 წელს დაასრულა. მოკვლევის ფარგლებში, ხუთ ეკონომიკურ აგენტს, ჯამში – 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. ჩვენ ვაგრძელებთ ბაზრის  მონიტორინგს.  ამ დროისთვის, ბაზარი არის ნორმალიზირებული და ის ექვემდებარება საბაზრო ფაქტორების გავლენებს, რომელიც საქართველოშიც აისახება.

რამდენიმე დღის წინ, უწყებამ დაასრულა დემპინგის თემასთან დაკავშირებული პირველი საქმე. თემა ეხება ადგილობრივი ინდუსტრიის მხრიდან დაფიქსირებული განაცხადის საფუძველზე დაწყებულ შესწავლას, რომლის მიხედვითაც სომხეთიდან ხდებოდა ფილტრიანი სიგარეტების დემპინგური იმპორტი.“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას.

სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მიმდინარე მოკვლევაზე, სადაც სააგენტოს მიმართვის საფუძველზე სასამართლომ, მოკვლევის დასრულებამდე, ერთ-ერთ ეკონომიკურ აგენტს ექსკლუზიური პირობის გამოყენება შეუჩერა. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, დღეს ბაზარზე უკვე  არის რამდენიმე მოთამაშე და მომხმარებელს აქვს საშუალება თავად გააკეთოს არჩევანი სად იყიდოს მისთვის სასურველი ბილეთი.

„2022 წელს, დავიწყეთ საფინანსო სექტორისთვის ძალიან აქტუალური თემის მონიტორინგი, რაც გულისხმობს საბანკო პროდუქტების რეალიზაციისას სადაზღვევო პროდუქტების მიწოდება/შეთავაზების ბაზრის შეფასებას. სადაზღვევო ბაზარი რეფორმების მოლოდინშია და, ვფიქრობ, ჩვენი უწყების მიერ მომზადებული შეფასება და რეკომენდაციები მის წარმატებულ განხორციელებას ხელს შეუწყობს, მიმდინარე რეჟიმშია ასევე მოცვის და თხილის ბაზრის მონიტორინგები.

ვიცით, რომ 2022 წელს, ძალაში შევიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი და 1 ნოემბრიდან აღსრულების პროცესი დავიწყეთ. მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან. 2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით, სააგენტოში 360 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 209 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 10 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 100 საქმეზე – 64 შეთანხმება გააფორმა. ამ დროისთვის, 52 საქმეზე გაფორმებულ 32 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია“ – განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ საკომიტეტო მოსმენაზე.

მსგავსი თემები