,,უკრაინას დღეს პრობლემები აქვს და პოლონეთისგან მხარდაჭერის მიღებაზე უნდა ზრუნავდეს, თუ ასე არ არის, არ დავაძალოთ”- პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ოფისის წარმომადგენელის, მარცინ პშიდაჩის განცხადებით, უკრაინა უნდა ზრუნავდეს, რომ პოლონეთი მას მხარს უჭერდეს, ხოლო თუ ასე არაა, დაძალება საჭირო არ არის.

მისივე თქმით, უკრაინა უნდა ზრუნავდეს პოლონეთთან მეგობრულ ურთიერთობებზე.

„პოლონეთი ბოლო წლებში ინტენსიურად ეხმარება უკრაინას. ცხადია, ეს ნაწილობრივ ჩვენს ინტერესებში არ იყო, მაგრამ ჩვენ მივიღეთ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი. და ამ ყველაფრის შემდეგ, გაერო-ს ფორუმზე, რომელსაც 192 ქვეყანა ესწრება, ვისმენთ ისეთ სიტყვებს, რომელთა მიმართ რთულია, არ იყო ძალიან კრიტიკული“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მათი დაყოფისგან მხოლოდ რუსეთი იღებს სარგებელს.

„უკრაინამ უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენს ინტერესებში ერთიანობის შენარჩუნებაა, რადგან ჩვენი დაყოფისგან მხოლოდ რუსეთი იღებს სარგებელს. თუ უკრაინა არ არის დაინტერესებული პოლონეთთან მეგობრობაში და არ მიისწრაფვის მეგობრობისკენ, ჩვენ ამას გავუმკლავდებით. ჩვენ ნატო-ში ვართ, ძლიერი არმია გვყავს, ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრები, ჩვენ ქმედითი სახელმწიფო გვაქვს. უკრაინას დღეს პრობლემები აქვს და ის უნდა ზრუნავდეს პოლონეთისგან მხარდაჭერის მიღებაზე. თუ ასე არ არის, არ დავაძალოთ“, – განაცხადა პშიდაჩმა.

ცნობისთვის, უკრაინას და პოლონეთს შორის დავა უკრაინული მარცვლეულის პოლონეთში ექსპორტზე დაწესებულ აკრძალვას უკავშირდება. ზელენსკიმ უკრაინული მარცვლეულის გარშემო დავას „პოლიტიკური წარმოდგენა” უწოდა, რომელიც „მხოლოდ მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს“.  აღნიშნულ განცხადებას პოლონეთში მწვავე რეაქცია მოჰყვა.

 

მსგავსი თემები