სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დელტა” კახეთში მომხდარ სტიქიას ეხმაურება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კახეთში სულ 10 ,,სეტყვასაშიში კერა” დამუშავდა და 423 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა იქნა გაშვებული.
მათივე თქმით, სამუშაო პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, რადგან მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით უხვი ნალექის მოსვლა მოსალოდნელია 3-4 სექტემბერსაც.
,,ორ სექტემბერს ჩრდილო-დასავლეთიდან შემოვიდა ფრონტალური ტიპის ღრუბლების მასები, ამ დროს ღრუბელში სეტყვის მარცვლის ზომა უკვე 42 მმ-ს შეადგენდა, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დროული ჩარევის მიუხედავად მოხდა სეტყვის მარცვლის ფორმირება, რომელთა ზომამ 50 მმ-ს მიაღწია.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ: საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებში 2 სექტემბერს 17:59 საათიდან 23:35 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად ინტენსიურად დამუშავდა. დამუშავებული კერების საერთო ჯამურმა ფართმა 1404კმ2 შეადგინა (140400 ჰა) სულ დამუშავდა 10 სეტყვასაშიში კერა, გასროლილი იქნა 423 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა.
აღნიშნული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე დელტას მიერ დამატებითი ძალები იქნა მობილიზებული კახეთის რეგიონში გასროლილი რაკეტების ახლებით ჩასანაცვლებლად, სამუშაო პროცესი გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში, ვინაიდან მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით უხვი ნალექის მოსვლა მოსალოდნელია ასევე 3-4 სექტემბერს”, – ნათქვამია განცხადებაში.