გააზრებული გვაქვს, რომ იმპიჩმენტის პროცედურას შედეგი არ მოჰყვება – მამუკა მდინარაძე

გააზრებული გვაქვს, რომ იმპიჩმენტის პროცედურას შედეგი არ მოჰყვება, რადგან ვნახეთ ოპონენტების რეაქციები, როგორ გადაეფარნენ ადამიანს, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება რეაქციის გარეშე დატოვება პრეზიდენტის, პერსონის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის მთავარი გარანტი.

„მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი უხეშად არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, გულწრფელად შეგვიძლია, ვთქვათ, ორდღიანი ფიქრის,  პოლიტსაბჭოს ფორმატში მსჯელობის შემდეგ, საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ ეს ამბავი რეაქციის გარეშე არ დაგვეტოვებინა. ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ უდიდესი ალბათობით, ამას შედეგი არ მოჰყვება, რადგან უკვე ვნახეთ ჩვენი ოპონენტების რეაქციები, როგორ გადაეფარნენ ადამიანს, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია. გახდნენ კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილეები, მაგრამ ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება რეაქციის გარეშე დატოვება პრეზიდენტის, პერსონის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის მთავარი გარანტი. ეს რეაქცია არის ჩვენ მიერ იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობა, შემდეგ იმპიჩმენტის საკითხის აღძვრა. 50 ხელმოწერა ჯერ მზად არ არის, ორშაბათს გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც 50-ზე გაცილებით მეტი ხელმოწერა იქნება. სამწუხაროა, რომ ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება.

მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი გერმანიაში ვიზიტზე. ამასთან, პრეზიდენტს სხვა სამუშაო ვიზიტებზეც უარი ეთქვა.

გუშინ კი ”ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

მსგავსი თემები