,,საქართველოსთან პრეტენზიები არ გვაქვს, მაგრამ რაც ჩვენ გვეკუთვნის, არ დავთმობთ” – ბჟანია

,,საქართველოსთან პრეტენზიები არ გვაქვს, მაგრამ რაც ჩვენ გვეკუთვნის, არ დავთმობთ”. ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ სამთავრობო ტელევიზია “ზვეზდასთან” ინტერვიუში განაცხადა.

,,რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონში მშვიდობა სუფევდეს. არ გვაქვს პრეტენზია საქართველოს მიმართ, ჩვენ არ ვაწარმოებთ ომს სხვისი გულისთვის, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებთ საკუთარის ვინმესთვის მიცემას,” – განაცხადა ბჟანიამ.

ბჟანია NATO-ს მხრიდან საქართველოს დახმარებითა და ერთობლივი სამხედრო წვრთნებით უკმაყოფილოა. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტი ამბობს, “სარწმუნოდ იცის,” რომ ამ წვრთნების შემდეგ საქართველოს კონტროლირებად ნაწილში ამერიკული ტექნიკის ნაწილი “გროვდება.”

,,ეს ახლაც ხდება გარკვეული სიხშირით. ამა თუ იმ ფორმით, საქართველოში ყოველწლიურად ტარდება ათამდე სამხედრო წვრთნა, ერთობლივი წვრთნები. და ზუსტად ვიცით, რომ ამ წვრთნების შედეგად, რომელიც ტარდება, ტექნიკის ნაწილი, თითქოს მწყობრიდან გამოსვლის საბაბით, რჩება საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი გროვდება, ეს ვიცით. და ჩვენც შესაბამისად ვრეაგირებთ”, – აღნიშნა ბჟანიამ.

ამას გარდა, დე ფაქტო ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის “საკავშირო სახელმწიფოს “შეუერთდეს, თუმცა, მისი განმარტებით, ეს მხოლოდ აფხაზეთის “დამოუკიდებლობის” შემთხვევაში მოხდება.

მსგავსი თემები