რუსეთისა და ბელარუსისთვის გამოყოფილი €135 მილიონი მოლდოვასა და უკრაინას გადაეცემათ

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, რუსეთსა და ბელარუსთან თანამშრომლობისთვის განკუთვნილი 135 მილიონი ევრო მათ ნაცვლად, უკრაინასა და მოლდოვას გადაეცემა.

,,რუსეთთან და ბელარუსთან ჩვენი პროგრამებით თავდაპირველად გათვალისწინებული თანამშრომლობის გაუქმება კრემლის სასტიკი ომის შედეგი იყო. მოხარული ვარ, რომ იმ თანხებით, რომლებიც თავდაპირველად ამ თანამშრომლობისთვის გვქონდა გამოყოფილი, ახლა უკრაინა და მოლდოვა ისარგებლებენ. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის რეგიონებსა და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უკრაინელ და მოლდოველ პარტნიორებთან“. – განაცხადა ერთიანობისა და რეფორმების საკითხებში კომისარმა, ელისა ფერეირამ.

კონკრეტულად, ამ დაფინანსებამ შეიძლება მხარი დაუჭიროს მთელ რიგ აქტივობებს, მათ შორის სოლიდარობის ხაზებს და ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო კავშირების განვითარებას, ჯანდაცვის სერვისებს, საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებს, სოციალური ინკლუზიის სქემებს, ასევე უკრაინის და მოლდოვას საჯარო ხელისუფლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას.

მსგავსი თემები