რიკოთის მონაკვეთზე მეწყერი არ გააქტიურებულა, აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა – ქარსელაძე

რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოწოლილა, არ გააქტიურებულა, არამედ აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი წინმსწრები, გამაფრთხილებელი ღონისძიებები ჩატარდა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რიკოთი უსაფრთხოა.

,,ამჟამად რიკოთზე დაწესებულია სპეციალური რეჟიმი. ამ რეჟიმის დაწესების საფუძველი იყო 149-ე კილომეტრზე არსებული გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი პოტენციური მეწყერის კერა. აღნიშნული ვითარების შეფასების საფუძველზე, სპეციალისტების მიერ მიჩნეულ იქნა, როგორც მომეტებული საფრთხე და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დროებით დაგვეკეტა, რათა გაგვეფართოებინა გზა, სამჯერ გაგვეზარდა დამაგროვებელი, შესაბამისი კედელი მოგვეწყო, ანუ ყველა იმ პირობით აღგვეჭურვა, რითაც აღნიშნული მონაკვეთი უსაფრთხო იქნებოდა. გარდა ამისა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, მაქსიმალურად იყოს თავიდან არიდებული პოტენციური რისკიც კი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოწოლილა, მეწყერი არ გააქტიურებულა, არამედ აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა. ჩატარდა შესაბამისი წინმსწრები, გამაფრთხილებელი ღონისძიებები და დღეს რიკოთი არის უსაფრთხო. რიკოთის მონაკვეთი უსაფრთხოა ახლა და უსაფრთხო იქნება მშენებლობის შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მსგავსი თემები