აფეთქება მოსკოვის ოლქში – დაშავდა 52 ადამიანი

მოსკოვის ოლქში, ადგილობრივი დროით 10:40 საათზე, სერგიევ პოსადში, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად, ათეულობით ადამიანი დაშავდა, საწარმოს საწარმოო ობიექტები და შენობები ქალაქის სხვადასხვა კუთხეში დარტყმის ტალღამ დააზიანა.

ოფიციალური პირების მიერ მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ მონაცემები მუდმივად იცვლება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სამედიცინო დახმარებას 52-მა ადამიანმა მიმართა. 20-მდე საავადმყოფოშია მოთავსებული, მათგან ექვსი მძიმე მდგომარეობაშია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი კვლავ იყოს.

ხელისუფლების ცნობით, აფეთქება ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე  ფარდულში მოხდა, სადაც პიროტექნიკური პროდუქტები ინახებოდა. აფეთქებამ ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის საწარმოო ობიექტების ნაწილი გაანადგურა. საწარმოს ყველა შენობიდან და სახელოსნოდან სრული ევაკუაციაა გამოცხადდა.

აფეთქების ადგილზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. დაზიანდა მიმდებარედ 20 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სკოლები. დანგრეულია ქარხნის საქვაბეც, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებს ცხელი წყლით ამარაგებდა. ამ დროისთვის ცხელი წყლით მომარაგება შეწყდა 19 საცხოვრებელ კორპუსს, რომელშიც დაახლოებით 11 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

რუსეთის ხელისუფლება არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აფეთქება შესაძლოა უპილოტო თვითმფრინავის დარტყმის შედეგად იყოს გამოწვეული. გამომძიებლების თქმით, ინციდენტის მიზეზი ტექნოლოგიური პროცესების დარღვევა გახდა.

მსგავსი თემები