რა ვითარებაა სტიქიის ზონაში – გზების დეპარტამენტის განახლებული ინფორმაცია

სტიქიის ზონაში არსებული ვითარებისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“სტიქიის ზონაში, ამ დროისთვის, სულ ადგილზეა მობილიზებული 100-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა, აქედან 86 ერთეული მძიმე ტექნიკა ჩართულია საძიებო სამუშაოებში 8 პრიორიტეტულ მდებარეობაზე. მძიმე ტექნიკა გადანაწილებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად განსაზღვრულ, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სამუშაოებს აწარმოებენ ამავე სამსახურის წარმომადგენლების უშუალო მითითებებითა და ზედამხედველობით.

მძიმე ტექნიკა გუშინ და დღეს მუშაობს, როგორც შოვის ტერიტორიაზე, ისე მდინარის კალაპოტში, ფონის გაგანიერების და გაწმენდის მიზნით. გუშინ მოხდა გზის გაყვანა მჟავე წყლების მიმართულებით, ასევე გადაილახა მდინარის ფონი, გადავიდა მძიმე ტექნიკა, რომელიც გუშინდლიდან მუშაობას აწარმოებს მდინარე ბდღვიორასა და მდინარე ჭანჭახის გაწმენდისა და კალაპოტის ფორმირების სამუშაოები სტიქიის პირველ დღეებში, მთავარი ამოცანა იყო კურორტ შოვთან დამაკავშირებელი დროებითი ხიდისა და გზის მოწყობა.

ამისათვის საჭირო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო. 24 საათიანი მუშაობის შედეგად, მძიმე ტექნიკამ, ხიდის მონტაჟისთვის, გაწმინდა მდინარის კალაპოტი და პარალელურად მუშაობდა სტიქიის ზონასთან მისასვლელი გზის მოწყობაზე ორი მიმართულებით. 4 აგვისტოს დროებითი ხიდი უკვე მოეწყო და შესაბამისად, ნებისმიერი ტექნიკის გადაყვანის შესაძლებლობა გაჩნდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები