გიორგი ვაშაძე თვისებებით ჰგავს სააკაშვილს, ოღონდ მისი ერთგვარი მინი ვერსიაა – ირაკლი კობახიძე

გიორგი ვაშაძე ერთგვარი მინი სააკაშვილია, თვისებებით ჰგავს სააკაშვილს, ოღონდ სააკაშვილის ერთგვარი მინი ვერსიაა, – ასე  პასუხობს  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ზაზა შათირიშვილის სტატუსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„ამერიკულ ჩართულობაზე ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება დანარჩენს, დანარჩენი ძალიან ლოგიკურად ჟღერს. მათ შორის ისიც, რომ ვაშაძე ერთგვარი მინი სააკაშვილია. ამ თვისებებით ჰგავს სააკაშვილს, ოღონდ არის ერთგვარი მისი მინი ვერსია. რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობა“ თუ ერთიანი სიით გავა არჩევნებზე, ეს უკეთესი იქნება, რადგან საზოგადოებას კიდევ უფრო გაუადვილდება არჩევანის გაკეთება და გადამწყვეტი განაჩენის გამოტანა კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“. დღეს ისინი ცდილობენ, რაღაცნაირად დაირქვან სხვადასხვა პარტია. გაერთიანდა ორი პარტია, „ნაცმოძრაობა“ და ვაშაძე. სინამდვილეში, ორივე „ნაცმოძრაობაა“ და დარჩა კიდევ რამდენიმე პარტია, რომელიც რეალურად არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, იგივე „ლელო“, გახარია, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“. კიდევ შეიძლება, სხვებიც არიან, ეს ოთხი პარტიაა არსებითად, სინამდვილეში, ეს 5-6 ყველა არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, თუ ისინი გავლენ ერთიანი სიით. ამ შემთხვევაში, საზოგადოებას კიდევ უფრო გაუმარტივდება არჩევანი. ისედაც არ გაუჭირდება საზოგადოებას არჩევანის გაკეთება, მაგრამ თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გავა ერთიანი სიით, ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება, ამაში დავეთანხმები ექსპერტს“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ზაზა შათირიშვილმა განაცხადა: „გიორგი ვაშაძე მზადაა, უფროსების ნებისმიერი დავალება უყოყმანოდ შეასრულოს, როგორი დამაზიანებელიც არ უნდა იყოს ეს დავალება ქვეყნის ინტერესებისთვის. აშკარაა, რომ ახალი როლისთვის ამერიკელები ვაშაძეს უკვე დიდი ხანია, ამზადებენ“.

მსგავსი თემები