,,ვერავინ ახსნის, რა განსხვავებაა საქართველოში მანქანით და გემით შემოსულ რუს ტურისტებს შორის”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  საკრუიზო ლაინერი Astoria Grande   დარეგისტრირებულია პალაუში და ცურავს პალაუს დროშის ქვეშ. მისი თქმით, გემი არ შესულა აფხაზეთში, შესაბამისად, გემს და გემზე მყოფ პირებს არ დაურღვევიათ კანონი ოკუპაციის შესახებ.

,,მასზე, რუსი ტურისტების გარდა, იმყოფებოდნენ ტურისტები სხვა ქვეყნებიდანაც. გემი არ შესულა აფხაზეთში, შესაბამისად, გემს და გემზე მყოფ პირებს არ დაურღვევიათ კანონი ოკუპაციის შესახებ. ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ ერთი დღით, ქალაქ ბათუმის მოსანახულებლად. ვერავინ ახსნის, რა განსხვავებაა საქართველოში მანქანით და გემით შემოსულ რუს ტურისტებს შორის და შესაბამისად, რა ლოგიკური ახსნა ჰქონდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ გუშინდელი აქციის მოწყობას. სინამდვილეში, ახსნა ერთადერთია – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“და მისი პატრონები ყველანაირად ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას, რისი მიზანიც ქვეყანაში თუნდაც მცირე არეულობის შემოტანა და ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული კრუიზიდან საქართველოში რჩება 350 ათას ლარზე მეტი, საიდანაც დაახლოებით 100 ათასს შეადგენს ტურისტების დანახარჯები და დაახლოებით 250 ათასს – გემის მიერ პორტის მომსახურებისთვის გადახდილი თანხა. „ნაციონალებმა“ იციან, რომ ამ შემოსავლების შემცირებით ისინი ქვეყნის ეკონომიკას ვერ დააქცევენ, მაგრამ მას თუნდაც მცირე ზიანს მიაყენებენ, რაც „ნაციონალებისა“ და მათი პატრონების გადმოსახედიდან, უკვე საქმეა,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები