ბათუმში გამართული აქცია, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის დაკარნახევი – ირაკლი კობახიძე

,,ყველას კარგად გვახსოვს, ლარსის გამშვებ პუნქტზე პირადად როგორ ეგებებოდა რუს ტურისტებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც 3 წლის თავზე, როგორ გააუქმა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ბათუმში გამართული აქცია, მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის დაკარნახევი.

,,ყველას გვახსოვს, როგორ საუბრობდნენ „ნაცმოძრაობის“ სახეები – ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები იმავე პერიოდში რუსი ტურისტებისა და რუსეთთან ვაჭრობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ფარისევლობა და ფსევდოანტირუსების ორმაგი სტანდარტი ცხადად მიანიშნებს, რომ ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, მათ შორის გუშინ ბათუმში გამართული აქცია, მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის დაკარნახევი. თუმცა, საზოგადოება ხედავს და სწორად აფასებს ყველაფერს და სწორედ ამის გამოა, რომ გუშინდელ აქციაზე, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ – პარტია „ნაციონალური მოძრაობის“, ლელოს, გახარიას პარტიის, გირჩის და ევროპული საქართველოს რამდენიმე ათეული აქტივისტის გარდა, არავინ მივიდა,”- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ბათუმის ნავსადგურში გუშინ, დილის 6-ის ნახევარზე შემოვიდა. რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ. საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

 

მსგავსი თემები