ეკონომიკური წინსვლის გამო უკიდურესად შფოთავენ საქართველოს არაკეთილმოსურნეები, ამას უკავშირდება მათი ქსენოფობიური კამპანიები – ირაკლი კობახიძე

ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გამო უკიდურესად შფოთავენ საქართველოს არაკეთილმოსურნეები, პირველ რიგში – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი უცხოელი პატრონები. სწორედ ამას უკავშირდება მათი ქსენოფობიური კამპანიები,-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სულ რაღაც სამ წელიწადში, საქართველოს ნომინალური ეკონომიკა დოლარში თითქმის გაორმაგდა.

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას, ბუნებრივია, კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ეკონომიკური ზრდა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საქართველოს ყველა პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად – მათ შორის, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სიღარიბის აღმოსაფხვრელად, ქვეყნის შიდა თუ გარე პოლიტიკური გამოწვევების მიმართ საქართველოს სიმტკიცის გასამყარებლად, ასევე, თუნდაც, ქვეყნის ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. საქმეში ჩახედულმა ადამიანმა კარგად იცის, რომ ქვეყნის ეკონომიკა 10 ათას დოლარს მაინც უნდა გადაცდეს, რომ მის ევროინტეგრაციაზე სერიოზულად დაიწყოს საუბარი. არსებული ტემპების გათვალისწინებით, ამ მაჩვენებელს საქართველო უკვე 2025 წელს გადააბიჯებს. როგორც ცნობილია, საქართველოს ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურიზმის სექტორი. ამა წლის იანვარ-ივნისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლები 58 პროცენტით, ანუ 662 მილიონი დოლარით გაიზარდა. გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გამო უკიდურესად შფოთავენ საქართველოს არაკეთილმოსურნეები, პირველ რიგში – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი უცხოელი პატრონები. სწორედ ამას უკავშირდება მათი ქსენოფობიური კამპანიები და ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც საქართველოში ტურისტული ნაკადების ხელოვნურად შემცირებას ისახავს მიზნად,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები