,,საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს” – ანდრეი პლენკოვიჩი

,,საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს. იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვექნება წინსვლა”. ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და ნატოში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.

„ნება მიბოძეთ, მივესალმო ჩემს მეგობარს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ეს არის მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორვატიის რესპუბლიკაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ვაღიარეთ ერთმანეთის დამოუკიდებლობა. მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრს მისი ვიზიტისთვის.

დღეს საუბარი გვქონდა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ხორვატიასა და საქართველოს შორის. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და იმ ამბიციებს, რაც ქვეყანას გააჩნია ნატოში გაწევრიანების თაობაზე. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის აგრესიაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე საქართველოში და შევეხეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ მდგომარეობას”, – განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.

მსგავსი თემები