ვილნიუსის სამიტი დაწყებამდე უკვე გახდა ისტორიული – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტი დაწყებამდე უკვე გახდა ისტორიული. მისი თქმით, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება კარგია, როგორც შვედეთისთვის, ისე თურქეთისა და მთლიანად ნატო-სთვის.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი არის, რომ ვილნიუსის სამიტი გახდა ისტორიული და ეს მის დაწყებამდე მოხდა, რადგანაც შვედეთი გახდება ნატო-ს წევრი. ეს არის კარგი როგორც შვედეთისთვის, ისე თურქეთისა და მთლიანად ნატო-სთვის. ეს ძალიან კარგია ბალტიისპირეთის რეგიონისთვის. ფინეთისა და შვედეთის ალიანსში ყოფნა ბალტიისპირეთის უსაფრთხოების დაცვის ამოცანა ხდება უფრო იოლი ნატო-სთვის. ამიტომ, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ისტორიული მომენტი და ისტორიული სამიტი.

თურქეთმა მანამდე წამოწია ლეგიტიმური შეშფოთებები, რომელიც მას აქვს უსაფრთხოების საკითხებზე, რაც დაკავშირებულია ტერორიზმთან. მადრიდის სამიტის შემდეგ, სადაც ჩვენ შევთანხმდით შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში მიპატიჟებაზე, შვედეთმაც და ფინეთმაც გადადგეს ნაბიჯები ტერორიზმთან საბრძოლველად. შვედეთმა შეიტანა ცვლილებები კონსტიტუციაში, გაამკაცრა ტერორიზმის საწინააღმდეგო კანონმდებლობა. მათ შექმნეს მექანიზმი, რათა მოხდეს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა შვედეთსა და თურქეთს შორის. და ცოტა ხნის წინ შვედეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, „ქურთ მუშათა პარტიის“ წევრი დამნაშავედ ცნეს ტერორიზმის დაფინანსების ხელშეწყობაში. სწორედ ეს გახლავთ მაგალითები, თუ როგორც ხდება მადრიდის სამიტზე დადებული შეთანხმების შესრულება. როგორც შვედეთის მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელი, მე მივესალმები ნატო-ში მის წევრობას და ჩვენ ყველა უფრო დაცული ვიქნებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები