,,დაუშვებელია, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარონ”- ირაკლი კობახიძე

დაუშვებელია, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარონ, ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული მომავალი თაობების წინაშე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე პრიგოჟინის ამბოხზე ოპოზიციის რეაქციას აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა აღდგეს.

„მმართველი პარტიის სახელით, კიდევ ერთხელ გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა აღდგეს. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება ერთიან საქართველოში, არამედ გვჭირდება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ნდობის აღდგენაც. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ჩვენთვის ნამდვილი ღირებულება მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ მეორე ფრონტის პირობებში, ჩვენ მოგვიწევდა ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც, რაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. დაუშვებელია, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარონ. ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული მომავალი თაობების წინაშე. ვისი ფიქრიც აქეთკენ არის მიმართული, მას ან უკიდურესი არაკეთილგონიერება, ან საქართველოს მტრობა ამოძრავებს.

მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება, რისთვისაც ჩვენს ქვეყანას არა მეორე ფრონტი, არამედ პრაგმატული და რაციონალური სამშვიდობო პოლიტიკა, არა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის კიდევ ერთხელ შერყევა, არამედ ნდობის აღდგენა ესაჭიროება. ჩვენ გვჭირდება არა ომი ერთმანეთთან, არამედ ერთმანეთის მხარდამხარ ზრუნვა ერთიანი, წარმატებული სახელმწიფოს ასაშენებლად“,- წერს ირაკლი კობახიძე.

,,ოპოზიციის რეაქცია ე.წ. ბახმუტის ხორცსაკეპის ავტორის ერთდღიან ავანტურაზე”- ირაკლი კობახიძის შეფასება

მსგავსი თემები