,,ოპოზიციის რეაქცია ე.წ. ბახმუტის ხორცსაკეპის ავტორის ერთდღიან ავანტურაზე”- ირაკლი კობახიძის შეფასება

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა არის ომისა და ღალატის პარტია, რომლის მიზანია გამოიყენოს ნებისმიერი საბაბი საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე პრიგოჟინის ამბოხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ”კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ მოვლენები სათანადოდ ვერ გააანალიზა.”

პრიგოჟინის ამბოხებიდან კვირაზე მეტი გავიდა და ემოციების ჩაცხრომის ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა, შევაფასო ოპოზიციის რეაქცია ე.წ. ბახმუტის ხორცსაკეპის ავტორის ერთდღიან ავანტურაზე.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ იმ დღეს ჩვენ დილიდან მოვუწოდეთ ოპოზიციას, მშვიდად დაკვირვებოდნენ მოვლენებს. თუმცა, რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენი რჩევა ყურად არ იღო. ყველას გვახსოვს, როგორ გულშემატკივრობდა კოლექტიური ნაცმოძრაობა პრიგოჟინს, როგორ უძღვნიდა მას შეძახილებსა და ლექსებს, როგორ გეგმავდა პრიგოჟინის წარმატების კვალდაკვალ არა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესვლას, არამედ სოჭის აღებასაც და ა.შ.

მთელ ამ ისტორიაში მთავარი ის არაა, რომ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ მოვლენები სათანადოდ ვერ გააანალიზა. მთავარი არც ისაა, რომ ისინი ამ შემთხვევაშიც მთლიანად გარე კოორდინაციით მოქმედებდნენ და ხელისუფლებას ერთსა და იმავე აბსურდულ მოთხოვნას უყენებდნენ. მთავარი არც მათი აჟიტირების მორალური მხარე და ის ფაქტია, რომ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ უკრაინელების „ხორცსაკეპის“ ავტორის წარმატებაში საკუთარი შანსი დაინახა.

პრიგოჟინის ამბოხებაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციაში ყველაზე ნიშანდობლივი მეორე ფრონტისკენ მათი ლტოლვის მორიგი დემონსტრირება იყო. ისინი ვერ მალავდნენ, რომ შესაბამისი ბერკეტი რომ ჰქონოდათ, გამოიყენებდნენ პირველივე შანსს აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესასვლელად. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა არის ომისა და ღალატის პარტია, რომლის მიზანია გამოიყენოს ნებისმიერი საბაბი საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად.

ბუნებრივია, კოლექტიური ნაცმოძრაობა ამ განცხადებებს შემთხვევით არ აკეთებდა და ისინი ამ შემთხვევაშიც დავალებებით მოქმედებდნენ. მათი პატრონების უმთავრესი მიზანია, მიაღწიონ მეორე ფრონტს და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანია, მაქსიმალურად შეუშალონ ხელი ნდობის აღდგენას ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის“,- აცხადებს კობახიძე.

მსგავსი თემები