უკრაინაში რუსეთმა 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, ბევრი აწამა და მოკლა – გაერო

გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან პირველ ათ თვეში, უკრანაში რუსეთმა თითქმის 900 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, მათგან 77 სიკვდილით დასაჯა.

„რუსული ძალები „ფართოდ იყვნენ ჩართული” წამებასა და არასათანადო მოპყრობაში დაკავებულების მიმართ და ზოგიერთ შემთხვევაში სექსუალურად ძალადობდნენ მათზე“, – განაცხადა უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა.

ანგარიში მოიცავს ომის 15 თვეს, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის მაისამდე.

„წამება გამოიყენებოდა იმისთვის, რომ მსხვერპლებს ეღიარებინათ უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარება, აიძულებდნენ მათ ეთანამშრომლათ საოკუპაციო ხელისუფლებასთან ან დაეშინებინათ პრო-უკრაინული შეხედულებების მქონე პირები“, – თქვა ბოგნერმა.

დაკავებულთა შორის იყვნენ ადგილობრივი საჯარო მოხელეები, ჰუმანიტარული მოხალისეები, მღვდლები და მასწავლებლები.

„ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა კომუნიკაციის გარეშე, დაკავებისთვის არაოფიციალურ ადგილებში, ხშირად სავალალო პირობებში. დოკუმენტირებული შემთხვევების დაახლოებით მეოთხედში დაკავებულები გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვა ადგილებში ან გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციაში. მათ ოჯახებს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ ინფორმაცია დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ“, – ნათქვამია მოხსენებაში.

გაერომ ასევე აღმოაჩინა მტკიცებულებები უკრაინის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავების შესახებ, სადაც მოხსენებულია სულ 75 დაპატიმრება, ძირითადად იმ ადამიანების, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან “კონფლიქტთან” დაკავშირებულ დანაშაულებებში.

მსგავსი თემები