ჯანდაცვის სამინისტროში გამორიცხავენ, რომ კლინიკებში შემოწმებაზე პოლიტიკური მიზეზებით შევიდნენ

ჯანდაცვის კანონმდებლობაში ცვლილებების განხილვა ისევ ხმაურით გრძელდება. როგორც ოპონენტები აცხადებენ, ცვლილებები, რომელიც რეგულირების სააგენტოს ფუნქციების გაზრდას ითვალისწინებს, შესაძლოა, პოლიტიკური ინტერესებით გამოიყენონ, კერძოდ, სწორედ იმ კლინიკებში შევიდნენ, ლიცენზია შეუჩერონ ან დააჯარიმონ, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებს არ იზიარებს.

აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტება ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა, ეკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.

„რეგულირების სააგენტოს მთავარის მიზანია პაციენტის ინტერესები იყოს დაცული და პაციენტმა შეძლოს, ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. თუ სააგენტო შემოწმების რომელიმე ეტაპზე მიხვდება, რომ სადმე რაიმე ირღვევა ან არ ხდება კანონმდებლობის შესაბამისად, რა თქმა უნდა, რეაგირება იქნება. კანონმდებლობის განხილვაში ჩართულია კერძო სექტორი, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებიც და კლინიკებიც“ – აღნიშნა  ბოჭორიშვილმა „მედიაცენტრ მთვარში“.

კითხვაზე, რა გახდა ხმაურის მიზეზი, პასუხი შემდეგია: „როდესაც დაწესებულება ნებისმიერი ტიპის, ამბულატორია იქნება თუ სტაციონარი, კეთილსინდისიერად და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს და სახელმწიფო პროგრამებით მიღებულ თანხებს მართლზომიერად ხარჯავს, არ მგონია ამ ცვლილებებით რაიმე პრობლემები შეექმნას. იმდენად ბევრი საჩივარი შემოდის პაციენტების მხრიდან, სამედიცინო დაწესებულების ჩანაწერი სხვას გვეუბნება, ექსპერტიზა სხვა და არ არის შესაბამისობაში ერთმანეთთან. სწორედ  ამან გამოიწვია, რომ დაჩქარებული წესით განხილულიყო ეს ცვლილება“ – აღნიშნა ეკა ბოჭორიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები