„ყველაზე დაბინძურებული მანქანაც კი შეიძლება საქართველოში შემოვიდეს და აქ დადიოდეს“ – გზებზე ავტომანქანების კონტროლი იწყება

საქართველოში 200 000-მდე ავტომანქანა დახარვეზებულია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა გადაადგილდებოდეს, თუმცა, მაინც გადაადგილდება. ეს რომ ასე არ გაგრძელდეს, გზებზე ავტომანქანების კონტროლი იწყება.

აღნიშნულ საკითხზე „მედიაცენტრ მთავარში“ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნოე მეგრელიშვილმა ისაუბრა.

„დღემდე საქართველოშ რეგულაცია არ არსებობს. ყველაზე დაბინძურებული მანქანაც კი შეიძლება შემოვიდეს, საქართველოში დარეგისტრირდეს და აქ, ჩვენს გზებზე იაროს“ – აღნიშნა მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მან იმ მახინჯ პრაქტიკაზეც ისაუბრა, რაც ავტომანქანების ნაწილების ქირაობასა და ერთი დღით გამართვას უკავშირდება.

„ხშირია შემთხვევები, როცა 1 დღით სუფთა ავტომობილი გვყავს. მხოლოდ ტექინსპექტირებისთვის გამართავს ავტომანქანას მფლობელი, იქირავებს კატალიზატორს და სხვას, რაც სჭირდება და ამის ხარჯზე, მხოლოდ ერთი დღეა მისი გამონაბოლქვი ნორმის ფარგლებში. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, უმსხვილეს ქალაქებში, სადაც დღეს ყველაზე დიდი პრობლემა გვაქვს, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში გზებზე გამონაბოლქვის კონტროლი იწყება. ჩვენი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გააჩერებენ ავტომობილებს. პირველ ეტაპზე ეს მათ შეეხება, ვისაც ვიზუალურად დაუფიქსირდება გმონაბოლქვი. შეამოწმებენ შესაბამისი აპარატურით და თუ ისინი შესაბამის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, სანქციები დაეკისრებათ. ეს კი მოგვცემს  იმ ეფექტს, რომ მავნე პრაქტიკა მაქსიმალურად შემცირდება  და ავტომანქანები მხოლოდ ერთი დღით კი არ იქნება გამართული, მუდმივად“ – აღნიშნა მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.      

მსგავსი თემები